დაპირისპირება აჭარის უმაღლესი საბჭოში

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებენ

adjaraps.com

აჭარის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი რიგგარეშე სხდომა, სადაც უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი უნდა აერჩიათ და კვოტების საკითხი განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე 20 დეპუტატიდან მხოლოდ 5 გამოცხადდა.

გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ზეწოლაში დაადანაშაულეს. დეპუტატ მედეა ვასაძის თქმით, ავთანდილ ბერიძე სვეტლანა კუდბასთან სახლში სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა. თავად ბერიძემ კი ბრალდება უარყო და თქვა, რომ შეუძლოდ მყოფი კუდბა მოინახულა. მედეა ვასაძემ ზეწოლა დღევანდელ რიგგარეშე სხდომას დაუკავშირა.

ვიცესპიკერის პოსტიდან დავით ბაციკაძის გადაყენების შემდეგ ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნებიდან გარიცხულმა ჯემალ ფუტკარაძემ წარადგინა. ფუტკარაძე მისი და სვეტლანა კუდბას პრემიერთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილმა მათ პოზიციების დათმობა სთხოვა.

ფუტკარაძემ დღეს ავთანდილ ბერიძის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება მოითხოვა, სულხან ღლონტმა კი, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენს, განცხადება აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის შესახებ გააკეთა. ღლონტის თქმით, არსებული კრიზისი მთავრობის არაკომპეტენტურობით არის განპირობებული.

მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობა, ანუ 14 ხმა სჭირდება.

 

კომენტარები