ციხის კადრების ჩვენება

გოგუაძე: ბავშვების წაყვანა მძიმე კადრების სანახავად არის ბრძოლა წესების გარეშე

ის, რაც მოხდა ბავშვების ორგანიზებულად წაყვანასთან დაკავშირებით, არის, ჩემი აზრით, ბრძოლა წესების გარეშე. ადამიანები იმიტომ ვართ ადამიანები და იმით განვსხვავდებით სხვა არსებებისგან, რომ რაღაცა, უბრალოდ, არ შეიძლება და რაღაც აკრძალვებს ჩვენ თვითონ ჩვენს თავებს ვუყენებთ ხოლმე. ის, რაც მოხდა, ეს არის საშინელება, ეს არის დანაშაული. არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ დარღვეულია ბავშვთა უფლებების კონვენცია, დარღვეულია ზოგადი განათლების კანონი, დარღვეულია მასწავლებლის ეთიკის კოდექსი - ბევრი რამ არის დარღვეული, მაგრამ ეს არის დანაშაული, ეს არის საერთოდ ყველა თაობის პოლიტიზირების მცდელობა - მათ შორის, პოლიტიკაში ბავშვების ჩართვის მცდელობა. სწორედ ეს არის ტოტალიტარიზმი, როდესაც ბავშვობიდან იწყება ბავშვების დაგეშვა, ბავშვებში სადიზმის, ძალადობის, შურისძიების კულტივირება. პირიქით, განათლების სისტემის ვალია, ბავშვი ადამიანად აღზარდოს. პასუხი უნდა აგოს ყველამ - ვინც ეს დანაშაული დაგეგმა, ვინც ეს დანაშაული შეასრულა. რაც არ უნდა დააბრალონ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას - არ მგონია, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდეს იმდენი რესურსი და გავლენა, რომ ორგანიზებულად სკოლებიდან ბავშვები წაიყვანონ კინოთეატრში ამ კადრების სანახავად.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე. ცნობისთვის, ზუგდიდში, ფოთსა და ხობში არასრულწლოვნებს ფილმი - "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" აჩვენეს. როგორც თავად ბავშვები ამბობდნენ, ისინი გამგებლებმა და სკოლის პერსონალმა წაიყვანეს კინოთეატრში. თუმცა, ოფიციალურად ფილმის ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" იყო.

კომენტარები