რუსეთი-დიდი ბრიტანეთი

დევიდ კამერონის მიერ ლეიბორისტული პარტიის კრიტიკას რუსეთმა უპასუხა

independent.co.uk

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელად ჯერემი კორბინის არჩევის შემდეგ, პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა პარტიას ტვიტერზე "საფრთხე" უწოდა.

"ლეიბორისტული პარტია ახლა უკვე საფრთხეა ჩვენი ეროვნული, ეკონომიკური და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის", - პრემიერმინისტრის ამ მოსაზრებას მალევე გამოეხმაურა რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში:

"უბრალოდ, წარმოიდგინეთ დიდი ბრიტანეთის მედიის სათაურები, თუ რუსეთის პრეზიდენტი წამყვან ოპოზიციურ პარტიას ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ მოიხსენიებდა".

შემდეგ უკვე ელჩმა ალექსანდრ იაკოვენკომ ტვიტერზე კორბინს გამარჯვება მიულოცა: "ვულოცავ ჯერემი კორბინს. ვიმედოვნებ, იქნება პოზიტიური ცვლილებები მოლაპარაკებებში, ჩვენთან ურთიერთობის ჩათვლით".

აღსანიშნავია, რომ ჯერემი კორბინი რუსეთთან დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობის დათბობის მომხრეა.

გასულ წელს კორბინი წერდა: "რუსეთი გასცდა კანონიერ საზღვრებს, როდესაც სამხედრო ბაზები გამოიყენა ყირიმში. გაურკვეველი ძალების სხვა ქვეყანაში გაგზავნა ნათლად არის იმ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა. თუმცა, დასავლეთის ფარისევლობა მაინც წარმოუდგენელია".

"მოსალოდნელი იყო, რომ ცივი ომის შემდეგ NATO გაფართოვდებოდა. მან გაზარდა სამხედრო შესაძლებლობები და ხარჯები. ის მოქმედებს 1948 წელს დადგენილი საზღვრების მიღმა და მისი მცდელობა, რუსეთს გარშემო მოექცეს, ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი საფრთხეა", - ამბობდა კორბინი.

კომენტარები