ცენტრალური საარჩევნო კომისია

პროფკავშირი: საარჩევნო კომისიების წევრები პოლიტიკური სიმპათიებით შეარჩიეს

"ცესკოში ლურჯი მელია გაბატონდა, ეს არის ქალბატონი თამარ ჟვანია" - ასე აფასებს საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ნაწილი უწყებაში მიმდინარე პროცესებს. მათი ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 თებერვლის სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით აარჩიეს. N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხუსკივაძე ტაბულასთან ამბობს, რომ არჩეულთაგან 74 ადამიანი სხვადასხვა არჩევნებს კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სახელით აკვირდებოდა. ხუსკივაძე ცესკო-ს გადაწყვეტილებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები საუბრობენ, ცესკო-ში ნეპოტიზმია. აკაკი ხუსკივაძის თქმით, უწყებაში საკადრო საკითხებს ქართული ოცნების დეპუტატის, ზურაბ ტყემალაძის ცოლისძმა, გიორგი ჯავახიშვილი კურირებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ცალკეული პირები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ და მათ კერძო მიზნები აქვთ. ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისას სრულად იყო დაცული კანონმდებლობა და ამ დრომდე სასამართლოში შედეგები არავის გაუსაჩივრებია. მისივე განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 380 მუდმივმოქედი წევრია და წელს 193 წევრს შეუწყდა უფლებამოსილების ვადა. მათგან 55-ს  უფლებამოსილება გაუგრძელდა, დანარჩენი კი ჩაანაცვლეს. ანა მიქელაძის თქმით, ყველა მათგანს აქვს გამოცდილება.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს კომისიის ყოფილი წევრებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს. საიაში ტაბულას უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კანდიდატისთვის პოლიტიკური ნიშნით უპირატესობის მინიჭება დადასტურდება, მიუკერძოებელი არჩევნები კითხვის ქვეშ დადგება. რაც შეეხება კომისიის წევრების შერჩევის პროცესს, ლელა ტალიურის თქმით, პროცედურული დარღვევები არ ყოფილა, თუმცა ცესკოს 2012 წლის დებულებით, გადაწყვეტლების მიღება კანდიდატთან გასაუბრების გარეშე, მხოლოდ დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება. საია-ს აზრით, ეს უნდა შეიცვალოს.

ამ თემაზე კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის ამ საკითხზე არავის მიუმართავს და არ იცის რატომ გაათავისუფლეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს, თუმცა არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს.

ტაბულა დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიას მუდმივმოქმედი წევრები ჰყავს, ანუ 2006 წლიდან, ყოფილა თუ არა ერთდროულად 100-ზე მეტი ადამიანის შეცვლის პრეცედენტი. ცესკო-ში ამ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ როტაცია ჩვეულებრივი პროცესია.

კომენტარები