ფარული კადრები

ქუმსიშვილი: დარწმუნებული ვარ, გავრცელებული კადრები 2012 წლამდეა გადაღებული

facebook.com/economypr

ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ ბოლო დროს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული. ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერები შსს-დან ასევე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიტანეს. 

"დასკვნა, რომელიც ახლა შემიძლია გავაკეთო, არის შემდეგი - რაც ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ აღნიშნული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ თავის დროზე შსს-დან გატანილი, ან არ ვიცი, შეიძლება, მათ ეს თავიდანვე უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული და ეს ადამიანები, სამწუხაროდ, დღეს ამ ჩანაწერებს შანტაჟისთვის იყენებენ. ნებისმიერი შანტაჟი, ნებისმიერი გადაღება და გავრცელება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ჩემთვის პიროვნულად, ასევე ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი მთავრობისთვის. დარწმუნებული ვარ, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნულით არის დაკავებული, ან აქვს სურვილი, რომ დაკავდეს", - ამბობს ქუმსიშვილი.

კითხვაზე, "ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ჩანაწერები 2012 წლამდეა გადაღებული", ქუმსიშვილი პასუხობს, რომ "დარწმუნებული ვარ".

დღეს პროკურატურამ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. უწყების განმარტებით, ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე არა კადრების ინტერნეტში ატვირთვის, არამედ მათი შენახვა-გავრცელების ფაქტზე აიყვანეს. პროკურატურამ ტაბულასთან საუბარში უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯამალაშვილი კუდ-ის თანამშრომელი იყო. პრესსამსახურის წარმომადგენლის ნათია სუხიაშვილის თქმით, უწყებას ჯამალაშვილი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნად არსად მოუხსენიებია.

კომენტარები