ტერაქტები ბრიუსელში

პროკურორი: აეროპორტში აფეთქებები თვითმკვლელებმა მოახდინეს

Reuters

ბელგიური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფედერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ აეროპორტის აფეთქებები თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზავენტემის აეროპორტში მომხდარ ორ აფეთქებას მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 35.

რაც შეეხება მაალბეკის მეტროსადგურს, ბელგიური მაუწყებლის VTM-ის ინფორმაციით, აქ 10 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. მეტროსადგური ევროკომისიასთან ახლოს მდებარეობს. დახურულია დედაქალაქის მთელი მეტროსისტემა. ასევე გაჩერებულია ტრამვაები და ავტობუსები.

ზავენტემის აეროპორტში გაუქმდა ყველა რეისი. აფეთქებები გამგზავრების დერეფანში, ამერიკისა და ბრიუსელის ავიახაზების რეგისტრაციის პუნქტებთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში კიდევ სამი აუმოქმედებელი მოწყობილობა იპოვეს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტში აფეთქებამდე არაბულ ენაზე დაიყვირეს.

ბელგიაში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული. ამასთან, ქვეყნის პრემიერმინისტრი ჩარლზ მიშელი მოუწოდებს საზოგადოებას, დროებით თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. 

აღსანიშნავია, რომ 4 დღის წინ ბრიუსელში პარიზის ნოემბრის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელმაც თქვა, რომ ტერაქტების მოწყობას ბრიუსელის აეროპორტიდან გეგმავდა.

უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ლონდონის გეთვიქის აეროპორტში.

ბრიუსელის აეროპორტი მუშაობას ხვალ, ადგილობრივი დროით, 06:00 საათზე განაახლებს.

კომენტარები