თურქეთი

დავუთოღლუ 22 მაისს თანამდებობას დატოვებს

Turkey's Foreign Minister Davutoglu addresses the media in Ankara
Umit Bektas / REUTERS

თურქეთის პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ დაადასტურა, რომ ის თანამდებობას 22 მაისს საგანგებო კონგრესზე დატოვებს. ამ კონგრესზევე აირჩევა მისი შემცვლელიც.

დავუთოღლუ თანამდებობის დატოვების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, მასსა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის განხეთქილების არსებობას უარყოფს. მისი თქმით, ერდოღანთან დღემდე „ძმური" ურთიერთობა აკავშირებს.

დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც ერდოღანმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა და პარტიის ლიდერის

თანამდებობა დატოვა. თუმცა, ეს ორი მაღალჩინოსანი 2015 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გარკვეულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან.

როგორც BBC აღნიშნავს, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის განხეთქილება პრეზიდენტის მიერ თურქეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლის სურვილს მოჰყვა. ერდოღანს დაბალანსებული სისტემის საპრეზიდენტო სისტემად ქცევა და პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ძალაუფლების ბალანსის შეცვლა სურს.

BBC-ის ანალიტიკოსის აზრით კი, ევროკომისია ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებაში მთავარ პარტნიორად დავუთოღლუს მიიჩნევს და მისი თანამდებობიდან წასვლა თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესისთვის კარგი არ იქნება.

კომენტარები