სტამბოლის აფეთქება

კელი: ვერ შევაფასებ იმას თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს ჩატაევი

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის თქმით, სტამბოლის ტერაქტში აჰმედ ჩატაევის ბრალეულობა ოფიციალურად დადგენილი არაა. საქართველოს მიერ 2012 წელს ჩატაევის გათავისუფლების შესახებ კი იან კელი ამბობს, რომ მას ამ ფაქტის შეფასება არ შეუძლია. იან კელი აქვე დასძენს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა ქვეყნებმა უსაფრთხოების სექტორში მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. 
 

"პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჩვენ არ გვაქვს დადასტურება იმისა, რომ აჰმედ ჩატაევი იყო ამ ტერორისტული აქტის ორგანიზატორი. რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ მართლაც მინახავს და წამიკითხავს მედიაში იმის შესახებ, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან ჩატაევს მოიაზრებენ, თუმცა ეს საბოლოოდ არ არის დადასტურებული. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. ვიტყოდი, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაზიარება და ურთიერთგაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზე არაა საუბარი, ეს იყო ოთხი წლის წინ და მე არ შემიძლია შევაფასო ეს ფაქტი, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩატაევის გათავისუფლება. და რაც შეეხება კონგრესმენის კომენტარს ამასთან დაკავშირებით მე ის ჯერ არ მინახავს." - ამბობს კელი.

2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აჰმედ ჩატაევი ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა. ჩატაევი მალევე გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობდა.

2015 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჰმედ ჩატაევი გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩატაევი ავსტრიიდან სირიაში გაემგზავრა, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში. თურქეთის ხელისუფლება ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას ჩატაევთან და ვადინოვთან დაკავშირებით ოფიციალურად არ ადასტურებს.

ცნობისათვის, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს 44 ადამიანი ემსხვერპლა, 230-ზე მეტი დაშავებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. წინასწარი გამოძიებით, ტერაქტი ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მოაწყო.

კომენტარები