სირიის კრიზისი

სირიაში გაეროს ჰუმანიტარული სატვირთო მანქანები დაბომბეს

EPA/SYRIAN RED CRESCENT

სირიაში გაეროს ჰუმანიტარული სატრანსპორტო კოლონა დაბომბეს. ქალაქ ალეპოდან სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ურუმ ალ-კუბრაში მიმავალი 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18.

სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის, სტეფან დე მისტურას თქმით, გაერო მომხდარი თავდასხმით შეშფოთებულია.

სირიის სამოქალაქო ომის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ავიათავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, იერიში კი, სავარაუდოდ, სირიის სამთავრობო ძალების ან რუსეთის ავიაციამ მიიტანა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, ამერიკა შეშფოთებულია. მისი თქმით, ჰუმანიტარული კოლონის მარშრუტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სირიელი და რუსი სამხედროებისთვის იყო ცნობილი და, შესაბამისად, იერიშიც მათგან რომელიმემ მიიტანა. კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს მომხდარის შემდეგ რუსეთთან ერთად მომავალში თანამშრომლობის გადახედვა მოუწევს.

ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა სირიული ობსერვატორიის განცხადებით, თავდასხმა ან სირიის, ან რუსეთის საჰაერო ძალების მიერ არის მოწყობილი.

კომენტარები