ჩერგოლეიშვილი: ბერკეტები ჩვენს ხელთაა, რუსული გაზი ვერ გადააფრინდება საქართველოს

თამარ ჩერგოლეიშვილი
Khatuna Khutsishvili / Forbes

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, "ყველა ბერკეტი დღესაც არის ჩვენს ხელში, რუსული გაზი ვერ გადააფრინდება საქართველოს იმისთვის, რომ სომხეთში მოხვდეს". Gazprom-თან ახალი ხელშეკრულების წინააღმდეგ ხვალ დაგეგმილი აქციის შესახებ ჩერგოლეიშვილმა რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხვალინდელი აქცია გამაფრთხილებელი იქნება, რის შემდეგაც დაიწყება მასშტაბური აქციები.

"ოც წელზე მეტია, საქართველოს აქვს ძალიან მომგებიანი ხელშეკრულება გაზპრომთან. იმაში, რომ ვატარებთ ჩვენს ტერიტორიზე რუსულ გაზს სომხეთისკენ, საქართველოს რჩება გატარებული გაზის 10% ნატურით. წლების განმავლობაში, რუსეთი მუდამ ცდილობდა მისთვის წამგებიანი ხელშეკრულების პირობების შეცვლას და ნატურით ანაზღაურების ფულადით ჩანაცვლებას. შედეგად, ტრანზიტიდან მიღებული მოგება გაგვინახევრდებოდა. საქართველოს ხელისუფლება არ თანხმდებოდა რუსეთს, ან რატომ უნდა დათანხმებოდა, რადგან დღესაც, ყველა ბერკეტი არის ჩვენს ხელში - რუსული გაზი ვერ გადააფრინდება საქართველოს იმისთვის, რომ სომხეთში მოხვდეს, რუსეთი სომხეთს გაზის გარეშე ვერ დატოვებს" - თქვა ჩერგოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ ირანის მილსადენი ტექნიკურად ვერ მიაწვდის სომხეთს საკმარის გაზს.

"თეორიულად რომც აშენდეს ახალი მილსადენი და სომხეთმა თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ირანიდან შეძლოს, ესეც კი ჩვენთვის უკეთესია, რადგან გეოპოლიტიკურად ჩვენთვის მომგებიანია, ჩვენს რეგიონში, რაც შეიძლება, ნაკლები ქვეყანა იყოს ენერგოდამოკიდებული რუსეთზე. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არის გაუგებარი. თუ შეთქმულების თეორიას არ ავაგებთ და კორიფციულ ინტერესებზე არ ვისაუბრებთ, რისი მტკიცებულებებიც ხელში არ გვიჭირავს, ეს არის არაკომპეტენტურობა, უხერხემლობა და ქვეუნის ეროვნული ინტერესების ფეხზე დაკიდება" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ტაბულას დირექტორის თქმით, მიუღებელია, რომ გაზპრომთან ახალი ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია.

"ენერგომომარაგება ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამ ხელშეკრულების შესახებ, რადგან პირობები არის გასაიდუმლოებული, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მიხარია, რომ პრეზიდენტიც ჩართულია ამ საკითხში, მართალია, მას არ აქვს იმხელა პოლიტიკური წონა დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა და მივესალმებით" - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ტაბულას დირექტორმა იმაზეც ისაუბრა, Gazprom-თან ახალი ხელშეკრულება რატომ არის წამგებიანი საქართველოსთვის.

"დღეს ორას მილიონ კუბურ მეტრ გაზს ვიღებთ ტრანზიტის საფასურად. ამის ნაცვლად, თუ გადაგვიხდიან ფულს, ეს არ იქნება საკმარისი, რომ 200 მილიონი კუბური მეტრი გაზი ვიყიდოთ, ამით ნახევრის ყიდვა თუ შევძელით, კარგი იქნება. მეორე ნახევარი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან უნდა ამოვიღოთ და დავფაროთ. ეს ერთი - ეკონომიკური ზიანი, მაშინ როცა ვიცით, ლარი როგორი გაპარტახებულია, რა ეკონომიკური მდგომარეობაა ქვეყანაში.

და მეორე - ისევ გაზპრომისგან უნდა ვიყიდოთ ეს ყველაფერი, ანუ მასზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულები - რა ფასად მოგვყიდის, მომავალ წელს რა ფასად მოგვყიდის. გასაგებია, რომ ახლა ეს მცირე რაოდენობას ეხება და შეიძლება, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას ამან არ დაარტყას, მაგრამ ტენდენცია არის ძალიან შემაშფოთებელი და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს აღიკვეთოს და ასეთი სიმწრით მოპოვებული, საჩვენებელი ენერგოდამოუკიდებლობა არ ჩაიყაროს წყალში" - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო დათანხმდა Gazprom-ის მოთხოვნას, რის შედეგადაც 2017-2018 წლებში საქართველო მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, წარსულში არსებული ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, გარკვეულ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის თქმით, ეს საფასური იმაზე ნაკლები იქნება, რასაც საქართველო ძველი კონტრაქტის პირობებში იღებდა, თუმცა კონტრაქტი საიდუმლოდ დარჩება.

Gazprom-ი საქართველოსთან მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. Gazprom Export-ის დირექტორის ელენა ბურმისტროვას თქმით, მიღწეული შეთანხმება "ორივე მხარისთვის ოპტიმალურია".

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ ენერგოგიგანტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვენ. პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" კი, Gazprom-ის მოთხოვნაზე ქართული მხარის თანხმობის გაპროტესტებას 18 იანვარს, კანცელარიის წინ დაგეგმილ აქციაზე გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით კი, "ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი. დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი".

Gazprom-ი საქართველოს კონტრაქტის პირობების შეცვლას გასულ წელსაც სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს. 2017 წელს გამართულ მოლაპარაკებებზე კი ქართული მხარე Gazprom-ის წინადადებას დათანხმდა.

კომენტარები