საკონსტიტუციო სასამართლო

100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვა პატიმრობით აღარ დაისჯება

Getty Images

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 15 თებერვალს ძალადაკარგულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინება. სასამართლომ სადავო ნორმა საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნო ძალადაკარგულად.

"კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებდა, რომ ხსენებულ სადავო ნორმას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი ჰქონდა და შესაბამისად მოითხოვდა მის ძალადაკარგულად ცნობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენა-შენახვის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ მიიჩნია ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის მისი გასაღების გარდაუვალ საფრთხეს", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

წარდგინების განხილვისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ეკვივალენტურ მასად მიჩნეულია 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა არ არის 70 გრამ გამომშრალ მარიხუანის შეძენასა და შენახვაზე მაღალი საფრთხის შემცველი. შესაბამისად, ვერც ის გამოდგება ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის გასაღების რეალურ საფრთხეებს", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

--

საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით აქტიური კამპანია 2010 წლიდან დაიწყო. 2013 წლის 2 ივნისს კი თბილისში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით პირველი მასშტაბური აქცია გაიმართა.

2 ივნისის მოძრაობის, თეთრი ხმაურის მოძრაობის, Gen-Pud-ისა და ამ საკითხზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მიერ წარმოებული პერმანენტული კამპანიის ფონზე, 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის სარჩელი და 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით პატიმრობა გააუქმა. 2016 წელს პატიმრობა გაუქმდა მარიხუანას მოხმარების გამოც.

თუმცა, ძალაში რჩება 12 წლამდე ვადით პატიმრობა მარიხუანას კულტივაციისთვის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და მაღალი ჯარიმები მისი შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის. პოლიცია კვლავაც აგრძელებს ქუჩის იძულებითი ურინოტესტირების პრაქტიკას - მოქალაქეებს აჩერებენ ქუჩაში, აკავებენ და მიჰყავთ ნარკოლოგიურ დაწესებულებებში, ნარკოტიკული თრობის დადასტურების შემთხვევაში კი აჯარიმებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე, ყოველწლიურად საშუალოდ 50 000 ადამიანი გადაჰყავს ნარკოტესტირებაზე. ბოლო 7 წლის განმავლობაში სახელმწიფომ იძულებითი ნარკოტესტირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 000 000 ლარი დახარჯა, თუმცა, დაკავებულთა შორის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი მხოლოდ 35%-ს დაუდგინდა.

დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა "ალტერნატივა ჯორჯიამ", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობის 69.4% მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ემხრობა, 54.5% კი თვლის, რომ ადამიანებს არ უნდა აპატიმრებდნენ ნარკოტიკების ინექციურად მოხმარების გამო.

2016 წელს ნარკოპოლიტიკის სფეროში მოქმედმა 40-ზე მეტმა სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაა.

კომენტარები