ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ვალიშვილმა საკუთარ facebook-ზე დაწერა.
"ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ", - წერს ვალიშვილი
მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალიშვილის სახელი უკვე ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზეც აღარ ფიქსირდება.
ვალიშვილი 2006-2007 წლებში გაზისა და ნავთობის კორპორაციის კომერციული დირექტორი იყო, 2008 წელს ის კახა კალაძის Kala Energy-ის ხელმძღვანელი გახდა. 2008 წელს ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა, სადაც დღემდე მუშაობდა.