მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდება

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სარჩელი გივი შანიძემ შეიტანა, მას სამართლებრივ დახმარებას ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი უწევდა.

მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელის აზრით კი, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის ამ უფლებას ზღუდავს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა, მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის დაცვა და სხვა" - აცხადებს სასამართლო და აღნიშნავს, რომ "მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს".

ამის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანას მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება.

"ასევე, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე,  ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან" - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 15 თებერვალს ძალადაკარგულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას. თუმცა, მოხმარების დეკრიმინალიზაცია აქამდე არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ მარიხუანას ფლობა სასჯელის სახით კვლავ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები