საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლა. მათ პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან და 1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში დადებული ზავიდან ერთი საუკუნის გასვლა აღნიშნეს.
საკუთარ გამოსვლაში მაკრონმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა უარი თქვან ნაციონალიზმზე, რასაც მან "პატრიოტიზმის ღალატი" უწოდა.
"იმის თქმით, რომ ჩვენი ინტერესები ყველაზე წინ დგას და სხვები არ გვაინტერესებს, თქვენ დაღს ასვამთ ერისათვის ყველაზე ძვირფასს - მის მორალურ ღირებულებებს." თქვა მან.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდნენ. რუსული მედიის მიხედვით ღონისძიების ფრანგმა ორგანიზატორებმა ოფიციალურ ლანჩზე ლიდერების ადგილები ბოლო მომენტში ისე შეცვალეს, რომ ტრამპი და პუტინი გვერდგვერდ არ აღმოჩენილიყვნენ.
ტრამპი გააკრიტიკეს, რადგან მან ომში დაღუპულთა საფლავზე წასვლა ცუდი ამინდის გამო გადადო. აი არ დაესწრო მშვიდობის კონფერენციასაც.
ლიდერების შეკრებამდე წელსზევით შიშველმა ქალებმა, რომელთაც სხეულზე "ცრუ მშვიდობისმყოფელები" და "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ომის დამნაშავეებო" ეწერათ, პროტესტი გამართვა სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ დააკავა.
პირველი მსოფლიო ომი 1914-დან 1918 წლამდე გრძელდებოდა და მას 9.7 მილიონი ჯარისკაცი და 10 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.