შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. "კანონიერი ქურდი", ხოლო დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 39 წევრი. ასევე, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის - 32 პირი.
"ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია - 10 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი," - წერია შსს-ს განცხადებაში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.