პატიმრობიდან გათავისუფლებული ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი მალევე დააკავეს. ამის შესახებ ria წერს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სოლ-ილეცკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ ლინიზა შევჩუკმა თქვა.
"ონიანი კოლონიის კარებთანვე დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში 40 დღეს გაატარებს"- ამბობს შევჩუკი.
2006 წელს ესპანეთის პროკურატურამ ტარიელ ონიანი ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. სწორედ ამ საქმეს უკავშირდება მისი დაპატიმრება.
მედიის ინფორმაციით, 40-დღიანი პატიმრობის შემდეგ ონიანს რუსეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ.
ტარიელ ონიანმა რუსეთის მკაცრი რეჟიმის კოლონია "შავ დელფინში" 10 წელი გაატარა და გუშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.