რუსეთ-საქართველო

სასტუმრო კასტელო მარე რუსეთის დროშაზე: ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სტუმრის პატივისცემა

ციხისძირში მდებარე სასტუმრო კასტელო მარემ რუსეთის დროშა ჩამოხსნა. მათი განმარტებით, "ეს მხოლოდ და მხოლოდ სტუმროს პატივისცემა" იყო.

"რუსეთის დროშასთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ,რომ ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის, ეს არის სტუმრის პატივისცემა მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არაფერი. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არცერთ შემთხვევაში არ ვიზიარებთ სხვა პოზიციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ დროშა ჩამოხსნილია. თქვენდამი ღრმა პატივისცემით, სასტუმროს ადმინისტრაცია" - წერია კასტელო მარეს განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ TV 25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტუმროზე რუსული დროშა ფრიალებდა. სასტუმროს წარმომადგენელი მათთან საუბარში ამბობდა, რომ ეს სასტუმროს პოლიტიკაა.

"თუ სასტუმროში 45%-ზე მეტი რომელიმე ქვეყნის ან ეროვნების ადამიანი ისვენებს, მისი დროშა აუცილებელია. აქ თქვენ ნახავთ ავსტრიასაც, აჭარას, საქართველოს და კასტელო მარეს. ახლა კონფერენცია მიმდინარეობს, მოსკოვიდან ჩამოსულია ჯგუფი, "სოლნიჩნაია გრუზია“, ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც აქვს კონფერენცია სხვადასხვა თემებზე და სწორედ ამიტომ, ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ, დროშა დავკიდოთ. ჯგუფი გადის ცოტა ხანში და დროშა ჩვეულებრივად ჩამოიხსნება” - უთხრა სასტუმროს წარმომადგენელმა TV25-ს.

სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” ოფიციალურად 2016 წლის 25 ივნისს გაიხსნა. ის ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა. ბათუმელების ინფორმაციით, სასტუმრო რუსეთის მოქალაქეს, მოსკოვის ყოფილ ვიცე-მერს სოსო ორჯონიკიძეს ეკუთვნის. გახსნაზე თავად სოსო ორჯონიკიძეც იმყოფებოდა.

კომენტარები