მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა

ვასაძე გავრილოვზე: სატოპკე აუწიეს გიგა ბოკერიას

ლევან ვასაძე
ტაბულა

პროპუტინური დაჯგუფების ერთერთი ლიდერის ლევან ვასაძის აზრით, სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ სპექტაკლი და პროვოკაცია მოაწყო.

"აქაურმა ჭინკებმა, ბიძინასთან შეთანხმებით, ან არა, ბიძინამ თვითონ აგვიხსნას დადგა ეს ფაცი-ფუცა სპექტაკლი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი დააჯინეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რაც მიუღებელია ყველა ქართველისთვის, სანამ რუსეთი ოკუპანტია, მოგვიწყვეს ეს პროვოკაცია და აუწიეს სატოპკე გიგა ბოკერიას, გახადეს გმირი და დამცველი ქართველობის" - თქვა ვასაძემ ვერის ბაღში.

მისი თქმით, ამის მიზანი იყო, რომ ლიბერალური შეხედულების მქონე მოქალაქეები გასულიყვნენ და "ვითომ რუსეთი" გაეპროტესტებინათ.

"შეიძლება, რუსეთსაც აპროტესტებდნენ, მაგრამ გეგმა არის, რომ როცა მასა შეგროვდება, შიგნით ჩაუყენონ დროშებიანი ლგბტ-ები და ჩაგვიტარონ პარადი და თქვან, რომ ჩავუტარეთო. და ჩვენ თუ იქ მივალთ და წესრიგის დამყარებას ვცდით, გვითხრან, რომ ჩვენ რუსეთის გადატრიალება გვინდაო, ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერ ამას განსჯის და დაინახავს" - თქვა ვასაძემ.

მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. დელეგატებს მიმართა საქართველოს პატრიარქმაც.

20 ივნისს კი, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების საშუალება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გადაწყდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ გაგრძელდებოდა.

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძის თქმით კი, მოულოდნელი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა და "ეს პარლამენტის შეცდომაა, რომელიც აღარ და ვეღარ დაიშვება". განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც და მომხდარს პროტოკოლური შეცდომა უწოდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

ვინ არის სერგეი გავრილოვი, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები