ებოლა

რუანდამ ებოლას საფრთხის გამო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვარი დაკეტა

Reuters

რუანდამ ებოლას ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საზღვარი დაკეტა.

ვირუსის ახალი შემთხვევების შედეგად კონგოში მიმდინარე წელს 1,803 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა რიცხვი 2,500-ს აღემატება.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა რუანდის საზღვართან მდებარე ქალაქ გომაშიც.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამბობენ, რომ რუანდამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და რომ საზღვრის დაკეტვის აუცილებლობა არ არსებობდა.

ივლისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის გამო ჯანდაცვის კუთხით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა.

ორგანიზაციაში მოელიან, რომ ვაქცინაციის დასაფინანსებლად დონაციები გაიზრდება.

მათ განცხადებაში საუბარი არ არის ქვეყნის საზღვრების დახურვის აცულებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია, აღნიშნულია, რომ რეგიონის გარეთ მისი გავრცელების საფრთხე დაბალია.

ვირუსით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა მეზობელ უგანდაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მსოფლიო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობა წარსულში მხოლოდ 4-ჯერ აქვს გამოცხადებული.

მათ შორის 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკის რეგიონში ებოლას ეპიდემიისას, რომელსაც 11,000-მდე ადამიანი ესმხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ებოლას ვაქცინა უკვე არსებობს, აცრა მხოლოდ იმ ადამიანებს უტარდებათ, ვინც დაავადებულებთან პირდაპირ კონტაქტში იყვნენ. ამჟამად აცრილია 161,000-ზე მეტი ადამიანი.

გარდა ამისა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტი სიტუაციას ართულებს. იანვრის შემდეგ ებოლას სამკურნალო დაწესებულებებზე და მის პერსონალზე 198 თავდასხმა მოხდა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და 58 დაშავდა.

კომენტარები