სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით, ხელვაჩაურის საკრებულოში ქართული ოცნების წევრი ჯამბულ თავართქილაძე და მისი ნათესავი ზაზა თ. დააკავა.
"ჯამბულ თ., ნათესავთან - ზაზა თ.-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ჯამბულ თ.-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.