იაროსლავ სუმბაევი

ლომჯარია: გადავამოწმეთ და ჩვენი ინფორმაციით, სუმბაევს რუსეთში სიკვდილით არ დასჯიან

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი რუსი IT სპეციალისტის, იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ექსტრადირებულ პირს სიკვდილით არ დასჯიან.

"მას ჰქონდა მიმართული სახალხო დამცველისთვის. მოთხოვნა იყო ის, რომ ექსტრადირების შეთხვევაში შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა სიკვდილის დასჯას და ეს იყო მათი მხრიდან მოთხოვნა. ჩვენ გადავამოწმეთ და რამდენადაც მე ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში, ის არ დაექვემდებარება სიკვდილით დასჯას, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გადავამოწმეთ. სხვა მიმართვა ან განცხადება ჩვენი მისამართით არ ჰქონია და არ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება" - ამბობს სახალხო დამცველი.

ტაბულას კითხვაზე, როგორ გადაამოწმეს ეს ინფორმაცია და რამდენად სანდოა, ნინო ლომჯარია პასუხობს, რომ დეტალები არ იცის.

"მაგრამ ჩემი თანამშრომლისგან მაქვს ეს ინფორმაცია, შემიძლია, გადავამოწმო. ეს არის სახელმწიფოთაშორისი საკითხი, თუ წამებას დაექვემდებარება, რა თქმა უნდა, ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. ზოგადად, რა თქმა უნდა, რუსეთში არ არის სახარბიელო ვითარება, მითუმეტეს ციხებში და ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მსგავსი ტიპის შემთხვევები" - თქვა ლიმჯარიამ.

კითხვაზე, როგორ შემოწმდება, დაექვემდებარება თუ არა სუმბაევი წამებას და არადამიანურ მოპყრობას, სახალხო დამცველი პასუხობს, რომ არ იცის.

IT სპეციალისტი იარლოსლავ სუმბაევი რუსეთს დღეს, 24 ოქტომბერს გადასცეს. იუსტიციის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება 30 სექტემბერს გამოსცა. თეა წულუკიანის მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა ამ ექსტრადირების შეჩერებაზე.

"დაე, ყველამ იცოდეს, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნაშავე, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი" - ამბობს წულუკიანი.

იაროსლავ სუმბაევს რუსეთი ბრალად მოსკოვის რეგიონის გამომძიებელს, ევგენია შიშკინას მკვლელობაში, ასევე, კიბერთაღლითობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში სდებს. ის თბილისში, გლდანის მე-8 საპყრობილეში იმყოფებოდა. საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი, რამდენიმე დღით, რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

იაროსლავ სუმბაევის ადვოკატის ივანე ნორაკიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საექსტრადიციო პატიმრობა 22 ოქტომბერს შეუფარდეს, ადვოკატი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების პროცედურის ამოწურვის შემდეგ შედის.

"ჩვენ გვაქვს 48-საათიანი ვადა, რომელიც 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე იწურება. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ სუმბაევი ამჟამად არ იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში და მისი გადაცემა უკანონობა იქნება. წარმოიდგინეთ, სააპელაციო სასამართლომ დავუშვათ, შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: თქვა, რომ მისი საექსტრადიციო პატიმრობა უკანონოა. რას ვაკეთებთ ასეთ დროს? რუსებს ვურეკავთ და სუმბაევს უკან ვაბრუნებთ? ამიტომ ვამბობთ, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო თავის ვერდიქტს არ გამოიტანს, ეს გადაცემა უკანონო იქნება“ - უთხრა ნორაკიძემ რადიო თავისუფლებას.

28 წლის IT სპეციალისტი რუსეთის ციხეში დიდი ალბათობით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. 

სუმბაევი არ არის პირველი პატიმარი, რომელსაც საქართველო რუსეთს გადასცემს. 19 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

კომენტარები