საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კიბერ შეტევა ყველა ქვეყანაში ხდება. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს.
"ეს ყველა ქვეყანაში ხდება, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. ეს 21-ე საუკუნის მძიმე მიმართულებაა ერთ-ერთი. იყო რა თქმა უნდა შეტევა და მუშაობენ უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან ჩართულები საზღვარგარეთიდან, მეგობრები და ვფიქრობთ, ალბათ გავლენ ბოლოში და ნახავენ, თუ საიდან", - ამბობს გომელაური.
ჟურნალისტების კითხვას, ვისი პასუხისმგებლობაა, რომ მონაცემები დაცული იყოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს, რომ როგორც შსს-ს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. თუმცა, ვახტანგ გომელაური აღნიშნავს, რომ "ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ".
"ის რომ დაცული იყო თუ არა, ნუ ეხლა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებ-გვერდებს ტეხავენ და შედიან და ახლა საქართველოს თემა... სპეციალისტები მუშაობენ და ჯერ არაფერი არ უთქვამთ, მერწმუნეთ", - ამბობს გომელაური.
საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებსა და კერძო საიტებზე 28 ოქტომბერს კიბერ-თავდასხმა მოხდა. გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).
დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. კომპანიის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 15 000-მდე ვებგვერდი გამოვიდა წყობიდან.
გარდა ამისა, ტელეკომპანიები "იმედი" და "მაესტრო" ეთერში ვერ გადიოდნენ, რასაც ზემოაღნიშნულ კიბერშეტევას უკავშირებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.
უწყებამ 29 ოქტომბერს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ "შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან".