And The We Danced

კინოთეატრ ამირანთან 11 პირი დააკავეს

ტაბულა

შსს-ს ინფორმაციით, კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე 11 პირი დააკავეს. იქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაკავებულის შესახებ. პროპუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ.

შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება აქტივისტ ანა სუბელიანზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე - დაკავებულია ერთ პირი და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით. 

სამინისტროს ინფორმაციით, კინოსეანსები ყველა კინოთეატრში დაანონსებულ დროს დაიწყო.  საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ადგილზე პოლიციის გაძლიერებული ძალები რჩებიან. 

გთავაზობთ შსს-ს განცხადებას უცვლელად:

"თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.

რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები."

კომენტარები