18 ნოემბერს დაკავებულების საქმეები

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ ირაკლი ფავლენიშვილს 1 300-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

ირაკლი ფავლენიშვილი 20 ივნისს აქციის ძალადობრივად დარბევის დროს მძიმედ დაშავდა

სპეცრაზმის მიერ 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტის დაშლის დროს დაკავებულ აქტივისტს, ირაკლი ფავლენიშვილს, 1 300-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ფავლენიშვილი სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო. 

ფავლენიშვილი თვლის, რომ მოსამართლეს ის დამნაშავედ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო არ უცნია დამნაშავედ, არამედ იმიტომ, რომ მან ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უზურპაციაში ამხილა. 

"რა მდგომარეობაშიც არის საქართველო, იმ მდგომარეობაშია სასამართლოც. არავითარი ფაქტობრივი მასალა არ იყო წარმოჩენილი, რადგან სამართალდამცველებს ჩვენ ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ვაყენებდით,"- ამბობს ფავლენიშვილი. 

ირაკლი ფავლენიშვილი 20 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეც იყო და სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ აქციის დარბევის შედეგად ის მძიმედ დაშავდა თავისა და ფეხის არეში. 

18 ნოემბერს სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით სულ 37 პირი დააკავეს. მათგან, ფავლენიშვილის გარდა, მოსამართლე ფილიშვილმა 12 პირის საქმეზე იმსჯელა, საიდანაც 10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთს ჯარიმა და ერთსაც სიტყვიერი გაფრთხილება. 

კომენტარები