გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ აგებულ საკონცენტრაციო ბანაკს 24 წლიანი კანცლერობის განმავლობაში პირველად ეწვია. მასთან ერთად იმყოფებოდა პოლონეთის პრემიერმინისტი მატეუშ მორავიეცკი და 87 წლის გადარჩენილი სტანისლავ ბარტნიკოვსკი.
მერკელის ვიზიტის დროს ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის შენახვისთვის 60 მილიონი ევრო გაიღო.
აუშვიცში მერკელმა აღნიშნა, რომ სამხრეთ პოლონეთში ჩადენილი დანაშაულებები, სადაც ნაცისტებს ყველაზე დიდი სიკვდილის ბანაკი ჰქონდათ აგებული, ყოველთვის იქნებოდა გერმანიის ისტორიის ნაწილი.
"ეს მხარე გვავალდებულებს, რომ გვახსოვდეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს დანაშაულებები, რაც აქ ჩაიდინეს და ეს შესაბამისი სახელით უნდა მოვიხსენიოთ. გერმანელების მიერ ჩადენილი ბარბაროსული დანაშაულებების გამო მე აქ დიდ სირცხვილს ვგრძნობ. არ არსებობს სიტყვა, რაც ჩვენ წუხილს გამოხატავს. აუშვიცი გერმანელების მიერ შექმნილი განადგურების ბანაკი იყო, რომელსაც გერმანელები მართავდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ფაქტის აღნიშნვა".
პოლონეთის პრემიერმინისტრმა და გერმანიის კანცლერმა ბანაკის შესასვლელი გაიარეს, სადაც ჭიშკარს გერმანულად აწერია "შრომა გათავისუფლებს". ისინი კრემატორიუმთანაც მივიდნენ, სადაც ადამიანებს წვავდნენ, ბოლოს კი ე.წ. შავ კედელთან დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"დღეს ჩვენ რასიზმს, მზარდ არატოლერანტულობას ვაწყდებით... ვაწყდებით საშიშ ისტორიულ რევიზიონიზმს, რასაც გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ მტრობის საბაბად იყენებენ. დემოკრატიის ფუნდამენტალურ ღირებულებებს თავს ესხმიან. ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ანტისემიტიზმს, რაც გერმანიაში, ევროკავშირსა და იმის იქით ებრაელთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის".
მერკელი მისი წინამორბედების მსგავსად ჰოლოკოსტის მემორიალს პატივს მიაგებს, რაც გამოხატავს იმას, რომ გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ სისასტიკეებზე პასუხისმგებლობას გრძნობს. მერკელი სხვა სიკვდილის ბანაკებში ნამყოფია, თუმცა აუშვიცში მის გუშინდელ პირველ ვიზიტს გერმანიაში მეტად სიმბოლურს უწოდებენ.
დაახლოებით, ორი თვის წინ აღმოსავლეთ გერმანიაში სინაგოგასთან ქალი და მამაკაცი მოკლეს. დამნაშავემ აღიარა, რომ მან ისინი ანტისემიტური მოტივით მოკლა.
მეორე მსოფლიო ომის დროს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მილიონზე მეტი ადამიანი, უმეტესობა ებრაელები, მოკლეს.
ჰოლოკოსტის დროს, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურმა რეჟიმმა 6 მილიონზე მეტი ადამიანის, უმეტესობა ებრაელების, გენოციდი განახორციელა.