პარიზის მამაკაცის ტანსაცმლის მოდის კვირეულის ფარგლებში, Vetements-მა დემნა გვასალიას წასვლის შემდეგ პირველი ჩვენება გამართა და 2020 წლის შემოდგომის კოლექცია წარმოადგინა.
ამჟამად კრეატიული დირექტორის მოვალეობები ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გურამ გვასალიამ შეითავსა.
"შოუები გარემოსთან უკიდურესად არამეგობრული გახდა. ამიტომ, მე შევცვალე ეს აბსურდი და მაქვს გარემოსთან ყველაზე მეგობრული შოუ მსოფლიოში - დასაჯდომად ხის სკამები, ძალიან მცირე განათება და ასევე მცირე მაკიაჟი", - თქვა გურამ გვასალიამ Vogue-სთან.
დემნა გვასალიამ Vetements დაარსებიდან ხუთ წელიწადში, 2019 წლის სექტემბერში დატოვა - მას შემდეგ ბრენდს კრეატიული დირექტორის თანამდებობა ვაკანტური აქვს.
"რაღაცნაირად მოდის ინდუსტრიაში ყურადღების ცენტრში ტანსაცმელი აღარ არის და ამიტომ არის ჩემთვის მეისონ მარჯიელსნაირი ხალხი საკულტო - ის არასდროს გამოჩენილა და ყოველთვის მთავარი ტანსაცმელი იყო", - თქვა გურამ გვასალიამ Vogue-სთან.
დაათვალიერეთ ჩვენების ფოტოები.