16 მარტიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.

გადაწყვეტილება ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის სატელეფონო საუბრის შემდეგ იქნა მიღებული.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი დღეს, 15 მარტს, დილით, ე.წ პრაღის ფორმატის ფარგლებში შედგა.

"კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოში, 15 მარტის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსის 30 შემთხბევა გამოვლინდა, მათგან 2 - განიკურნა.

რუსეთში 59 შემთხვევა გამოვლინდა, 8 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები