იტალიაში მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები კარანტინში მოხუცებთან ერთად არიან

Ermanno Struzzeri

იტალიაში მოხუცთა თავშესაფრის 13-მა თანამშრომელმა გადაწყვიტა, კარანტინში მოხუცებთან ერთად იყოს.  

"ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან კორონავირუსის გამო სიტუაცია იტალიაში უარესდება",- თქვა CNN-თან ინტერვიუში ერმანო სტრუცერიმ. 

სტრუცერის თქმით, არცერთ მოხუცს კორონავირუსი არ დადასტურებია. 

"ძალიან მშვიდად არიან, აანალიზებენ სიტუაციას და აფასებენ ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ ერთად ვსადილობთ - კოლეგებზე მეტი ვართ", - თქვა სტრუცერიმ. 

მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის გამო ოჯახის წევრები მოხუცების მონახულებას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ მათთვის ბევრი რამ არ შეცვლილა.  

გადაწყვეტილება თავშესაფრის თანამშრომლებმა 19 მარტს მიიღეს.

იტალიაში კორონავირუსის 86 498 შემთხვევაა დადასტურებული. იტალიამ კორონავირუსით ინფიცირების შემთხევევებით ჩინეთს გაუსწრო. გარდაიცვალა 9 134 ადამიანი, ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 10 950 პირი.  

ქვეყანა 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული.  

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს.

კომენტარები