კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: რამდენიმე პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას, რეანიმაციაში 9 მძიმე პაციენტი რჩება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 92 ადამიანი მკურნალობს. მისი თქმით, 3 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

რატიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს გაწერენ. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 120 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 92 ადამიანი. რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტია მოთავსებული და აქედან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მათ შორის 3 ადამიანის მდგომარეობა არის კრიტიკული. ამ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია მათი თანმხლები დაავადებებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ინფიცირებულებიდან 53 პაციენტს აქვს მწვავე, ორმხრივი პნევმონია და მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დღეს რამდენიმე პაციენტი გაეწერება კლინიკიდან," - თქვა რატიანმა. 

ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან, 15 არ გადის მკურნალობას, რადგან ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, თუმცა ჯერ არ ეწერებიან, რადგან PCR ტესტებმა სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.

"ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან. ჩვენს ქვეყანაში ტარდება პისიარი, რომელიც არის მიჩნეული ოქროს სტანდარტად და ამ პაციენტებთან აღმოჩნდა სუსტად დადებითი, გადამოწმდება რამდენიმე დღეში და იმედია დატოვებენ კლინიკას. სანამ სრულად არ მოხდება ყველა პაციენტის გამოჯანმრთელება პროტოკოლის დაცვით, მანამდე არ დატოვებენ კლინიკას," - თქვა რატიანმა.

20 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 399 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულებიდან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

კომენტარები