ომბუდსმენის ანგარიში

ომბუდსმენი: ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისადმი არასათანადო მოპყრობა შეინიშნება

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გასული წლების მსგავსად სისტემური რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია. კვლევის მიხედვით, დაწესებულებებში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას, შესაბამისად, ანტიფსიქოზური და მედიკამენტებით მკურნალობა, გადახედვას, განახლებასა და შეცვლას საჭიროებს.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, მსგავს დაწესებულებებში პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობა შეინიშნება. 

"ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში ვიზიტის დროს მონიტორინგის ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა წლების მსგავსად, დაწესებულებაში ადგილი აქვს პერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი უხეშ მოპყრობას, რაც დაწესებულების დირექტორმაც დაადასტურა და მონიტორინგის ჯგუფმაც შენიშნა", - წერია ანგარიშში. 

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გასული წლების მსგავსად, პერსონალის არასაკმარისი მეთვალყურეობის პირობებში, ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევებს, რომელთა დროსაც, რიგ შემთხვევებში, პაციენტებს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები ადგებათ. 

ანგარიშში წერია, რომ 2019 წელს, გასულ წლებთან შედარებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ფიზიკური გარემოსა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, თუმცა რიგ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პირობები ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2019 წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მართვა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემას წარმოადგენს, პრობლემაა ოჯახის ექიმის ხელმისაწვდომობაც, რომლის მომსახურებაც პაციენტებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ბათუმის სამედიცინო ცენტრსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ფსიქიატრიული დახმარება ძირითადად ფარმაკოთერაპიით შემოიფარგლება. აღნიშნულ დაწესებულებებში პრობლემას წარმოადგენს ერთდროულად რამდენიმე ანტიფსიქოზური მედიკამენტის დანიშვნა. სამედიცინო ბარათების შესწავლით დგინდება, რომ რამდენიმე შემთხვევაში, პაციენტებს ერთდროულად ორი, სამი ან მეტი ანტიფსიქოზური მედიკამენტი ჰქონდათ დანიშნული.

"გარდა ამისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტების ზედოზირებულად გამოყენება, როგორც დაწესებულებაში მიღებისას, სწრაფი ტრანკვილიზებისა და სედაციის მიზნით, ასევე შემდგომ პერიოდში, მედიკამენტური მკურნალობის დროს", - წერია ანგარიშში. 

ომბუდსმენის განმარტებით, დაწესებულებები განიცდიან სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური და მატერიალური რესურსების ნაკლებობას. აღსანიშნავია, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით მომუშავე კადრების არარსებობის გამო, რეაბილიტაციის პროცესი ფაქტობრივად არ მიმდინარეობდა. 

კომენტარები