შტორმმა ლუიზიანაში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ქარხნიდან ქლორის გაჟონვა გამოიწვია

მეოთხე კატეგორიის შტორმმა ლუიზიანას შტატში ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ქარხნიდან ქლორის გაჟონვა გამოიწვია. პოლიციის თქმით ნივთიერებამ BioLab-ის ქარხნიდან გაჟონა. გაჟონვას ქიმიური ხანძრის გაჩენა მოჰყვა. შტატის გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლებში, დახურონ ფანჯრები და გამორთონ კონდიციონერი.

პოლიცია და ქარხნის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ. ტბა ჩარლზთან მდებარე ქარხანა 1979 წლიდან აწარმოებს ქიმიურ ნივთიერებებს რომლებიც საწმენდ საშუალებებში გამოიყენება.

ქარიშხალმა ლაურამ დააზიანა შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია ნახევარ მილიონზე მეტ სახლს არ მიეწოდება. შტორმმა წააქცია ტბა ჩარლზთან მდებარე კონფედერაციული შტატების გენერლის ქანდაკებაც.

დაიღუპა ერთი ადამიანი. ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღწევს. ეს მექსიკის ყურეში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შტორმია.

ტეხასისა და ლუიზიანას შტატებში ევაკუაციისაკენ მოუწოდეს ნახევარ მილიონამდე ადამიანს. არსებობს საფრთხე, რომ ტროპიკულ შტორმად გარდაქმნამდე ლაურა ტორნადოების ჩამოყალიბებას გამოიწვევს და კიდევ რამდენიმე მეზობელ შტატს დააზარალებს.

სანამ აშშ-ს სანაპიროს მიაღწევდა, შტორმმა ლაურამ და შტორმმა მარკომ კარიბის ზღვის კუნძულებს გადაუარეს. დაიღუპა 24 ადამიანი.

კომენტარები