Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამა საქართველოშიც ამოქმედდება. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურმა ქსელმა ქართველ ჟურნალისტებს მიაწოდა.
ფაქტების გადამოწმების პროგრამა უკვე არაერთ ქვეყანაში მუშაობს. პრინციპი შემდეგნაირია – Facebook-ის პარტნიორი ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციები კონტენტის სიზუსტეს განიხილავენ, მას შეაფასებენ და ინფორმაციას სოციალური ქსელის ადმინისტრაციას მიაწვდიან. საქართველოში Facebook-ის მსგავსი პარტნიორები პლატფორმები Fact Check Georgia და მითების დეტექტორი იქნებიან. ორივე პლატფორმა ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერაა სერტიფიცირებული.
პროგრამის საქართველოში გაშვების შედეგად, იმ ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პორტალი ყალბად შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News Feed) ქვედა ნაწილში განათავსებს, რაც მათი აზრით, მნიშვნელოვნად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და შეამცირებს იმ მომხმარებელთა რიცხვსაც, რომლებმაც შესაძლოა დეზინფორმაცია მიიღონ.
ხოლო იმ გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, რომ გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები. ამასთან, ფაქტების გადამოწმების პორტალის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი თვალსაჩინოდ მონიშნავს, რითაც, მათი აზრით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოარჩიონ სიმართლეა თუ არა ესა თუ ის პოსტი.
"გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას". – თქვა Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერმა, სოფი აიარსმა.