"არ ვნანობ, მე ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი, რომ კანონი ყველასთვის საერთოა, მოგწონთ ის ადამიანი თუ არა" - ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა TV პირველის ეთერში კითხვა - "ნანობთ თუ არა კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ კამპანიას".
"ბენდუქიძე არის გარდაცვლილი ადამიანი, ასე რომ მე მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ რაც შეეხება იმ შემთხვევას, მინდა, ყველას გითხრათ, აბსოლუტურად არ ვნანობ ამას," - აღნიშნა მარგველაშვილმა.
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2013 წლის 12-13 მარტს გაუუქმეს. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სტუდენტების არაერთი აქცია მოჰყვა. ასევე, განათლების მინისტრს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის თხოვნით მიმართეს საქართველოს საზღვრებს გარეთ მომუშავე ქართველმა მეცნიერებმა და შეშფოთება გამოთქვეს.
განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ სამინისტრო და ხარისხის მართვის ცენტრი "ბენდუქიძის, ხატია დეკანოიძის, ურუშაძის, უტიაშვილის და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა პოლიტიკური კლოუნადის, პიარის და უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი გახდა". ის აქციებს და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას უწოდებდა "ყოვლად ამაზრზენ პოლიტიკურ კამპანიას, რომლის ლოზუნგიც იყო - ბენდუქიძე დგას კანონზე მაღლა".
მაშინ აგრარულ უნივერსიტეტს ავტრორიზაცია რამდენიმე მიზეზით გაუუქმეს. კერძოდ, უხეშ დარღვევად ჩაითვალა ის, რომ სასწავლო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურიდან ყველა წიგნი არ იყო ბიბლიოთეკაში ან ზოგ წიგნზე არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.
ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტმა კონკურსი გამოაცხადა ერთ ვაკანსიაზე, თუმცა აიყვანა ორი ლექტორი, რადგან ორივე კანდიდატი მოეწონა კომისიას. ავტორიზაციის საბჭოს აზრით, ამით დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.
აგრარულ უნივერსიტეტს ასევე შეედავნენ იმას, რომ მან სომხეთში მიღებული განათლება და მიღებული კრედიტები შესაბამისად ჩაუთვალა ორ სტუდენტს და სწავლის დასრულების შემდგომ, გასცა ბაკალავრის დიპლომები.
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ორ კვირაში აღუდგინეს. გიორგი მარგველაშვილი მაშინ ამბობდა, რომ "ჯგუფი, რომელიც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებდა 9 წლის განმავლობაში, მოსულია შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, რამდენადაც ეს რთული და გაუგონარი არ უნდა იყოს მათთვის".