სპეცოპერაცია ზუგდიდში

სამთავრობო მედია მძევლის დისკრედიტაციას ცდილობს

ზუგდიდის ცენტრში, საქართველოს ბანკის ფილიალში ყაჩაღობისა და მძევლების კრიზისის დაწყებიდან მალევე სამთავრობო მედიამ ამ კრიზისში პოლიტიკური მოტივების გამოკვეთა დაიწყო. 

მას შემდეგ, რაც მთავარი არხს შეიარაღებული თავდამსხმელის მოთხოვნით, ერთ-ერთი მძევალი პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სამთავრობო მედიამ აქცენტი მძევლის ვინაობაზე და მის პოლიტიკურ სიმპატიებზე გადაიტანა. 

იმის შესახებ, რომ მძევლად მყოფი ირაკლი კვარაცხელია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია ინფორმაცია, თავდაპირველად, პუტინისტური ორგანიზაცია ქართული მარშის წევრმა, გიორგი გაბედავამ გაავრცელა. სწორედ მასზე დაყრდნობით, ტვ იმედმა მძევლის დემონიზება დაიწყო. 

"ვინ არის ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მთავარი არხის პირდაპირ ეთერში საუბრობდა და აჟღერებდა თავდამსხმელის მოთხოვნებს. ჩვენ ფეისბუკის მეშვეობით შევეცადეთ გაგვერკვია, თუ ვინ არის ირაკლი კვარაცხელია. ის აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი აქტივისტი". – თქვა ტვ იმედის ერთ-ერთმა წამყვანმა. 

ტვ იმედი, ერთ-ერთი მძევლის ახლობელზე დაყრდნობით, ასევე, წერდა, რომ "ბანკიდან გამტაცებლის მოთხოვნებს ნაციონალური მოძრაობა ახმოვანებს." ამასთანავე, იმედს არ მიუთითებია მოქალაქის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული განცხადება გააკეთა. 

მსგავსი აქცენტით აშუქებდა მძევლების კრიზისს სააგენტო პრაიმტაიმიც. "ირაკლი კვარაცხელია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და აქტიური მხარდამჭერია. ის წინა ხელისუფლების დროს თბილისის მერიაში მუშაობდა. სწორედ მისი ფეისბუქით დაუკავშირდა თავდამსხმელი ნიკა გვარამიას, რომელიც ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუქ-მეგობარია". – წერდა სააგენტო.

"მძევალი, რომელმაც თავდამსხმელის დავალებით ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია" - ასე დაასათაურა ტელეკომპანია მაესტრომ ვიდეო მასალა, რომელშიც ირაკლი კვარაცხელიასა და ნაციონალური მოძრაობის წევრების საერთო ფოტოები გადიოდა. 

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 6 საათის წინ ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები