ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საპრეზიდენტო სასახლეში დაასვენეს, რათა გულშემატკივრებს გამომშვიდობების საშუალება ჰქონოდათ. სამოქალაქო პანაშვიდი 12 საათს გრძელდებოდა. როდესაც ოჯახის თხოვნით დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადება დაიწყო, პოლიციამ ფეხბურთის ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად რიგში მდგარი ხალხის რაოდენობის შემცირება სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
გაბრაზებულმა ფანებმა პოლიციას ქვები ესროლეს. პასუხად მათ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. არიან დაკავებულებიც. ფანების ნაწილმა საპრეზიდენტო სასახლის ღობეზე გადაძრომა სცადა.
მარადონას დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. ის ხარდინ ბელა ვისტას სასაფლაოზე მშობლების, დალმას და დიეგოს გვერდით დაკრძალეს. ფანები შეკრებილები იყვნენ სასაფლაოსთანაც. ფინალური ცერემონიის დაწყებამდე პოლიციას მათი გაყვანა მოუხდა.
მარადონას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მანამდე, 3 ნოემბერს მას ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს.
ამავე თემაზე: