300-ლარიანი დახმარება

თათარაშვილი: 300-ლარიან დახმარებაზე პასუხიც არ გამცეს, მითხრან, "თემო, კიდიხარ მთავრობას"

ქართული ოცნების მხარდამჭერი მომღერალი, თემურ თათარაშვილი Facebook-ზე წერს, რომ მთავრობის მიერ თვითდასაქმებულებისთვის დაწესებული 300-ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო, თუმცა არავინ შეხმიანებია. 

"მაინტერესებს, რა ჯიშს და რა უბედურებას მივეკუთვნები, უსაქმური ვარ? არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, თუ რამე სხვა ბიზნესი ამომიქექეს ისეთი, რომელიც მე არ ვიცი, თუ მქონია? იქნებ ვინმემ მითხრას, რა ხდება? ისიც მინდა, გავიგო და მითხრან, "თემო, კიდიხარ მთავრობას და ნუ გაუ**აკეო". მოკლედ, ველი პასუხს". – წერს თემურ თათარაშვილი. 

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ანტისაოკუპაციო მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დარბევისთვის მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, თემურ თათარაშვილმა მას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ მოსწონს გახარია, "კაცი არის და ყვ...ბიანია" და არ უნდა გადადგეს. 

მოგვიანებით მან Facebook-პოსტში ეს განცხადება დააზუსტა და დაწერა, რომ გიორგი გახარია "გამოძიების დამთავრებამდე არ უნდა გადადგეს". 

მთავრობის მიერ 300-ლარიანი დახმარება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, დაიკეტა რესტორნები, კაფეები, ბარები, სავაჭრო ცენტრები და აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც საქალაქთაშორისო, ისე საქალაქო. 

კომენტარები