ამნისტია

ოხანაშვილი ხუნდაძის ინიციატივაზე: აზრს და იდეის არსებობას აქვს უფლება, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ

პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა თანაგუნდელს, დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც თქვა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ამნისტია ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოთ და "ზოგჯერ ოჯახური ძალადობა ემოციურ ფონზე ხდება". 

ოხანაშვილის თქმით, ეს მისთვის წითელი ხაზია, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა იდეას არსებობის უფლება აქვს.

"პრინციპული დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ასეთი დანაშაულის მიმართ, ვინაიდან ოჯახში დანაშაულის მსხვერპლ ადამიანებს სჭირდებათ დაცვა.  მას [ხუნდაძეს] უპირობოდ არ უთქვამს, თქვა, რომ თუკი დაზარალებული თანახმააო, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პრინციპულად წითელი ხაზია ჩემთვის, რომ ამ კატეგორიის მუხლებს არ უნდა შეეხოს. თუმცა, აზრს და იდეის არსებობას აქვს უფლება, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ საკითხებზე და ჯანსაღად გადავწყვიტოთ ჩვენი საზოგადოების ჩართულობით". – ამბობს ოხანაშვილი. 

ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია არ შეეხება მკვლელობასა და ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულებს. ამნისტიას დაექვემდებარება ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები, ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა) და სხვ. ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

 

კომენტარები