2020 წელს გარდაცვლილები

49 წლის ასაკში რეპერი MF DOOM გარდაიცვალა

49 წლის ასაკში ბრიტანელი ჰიპ-ჰოპ არტისტი MF DOOM გარდაიცვალა. ინფორმაციას ავრცელებს მისი ცოლი ჯასმინი. 

"უკეთეს ქმარს, მამას, მასწავლებელს, მოსწავლეს, ბიზნესპარტნიორს, საყვარელსა და მეგობარს ვერც კი ვინატრებდი. გმადლობთ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენს შვილებს და ჩვენს უჯახს უჩვენე, ასწავლე და მიეცი. გმადლობთ, რომ მასწავლე, როგორ ვაპატიო ადამიანებს და მივცე მათ მეორე შანსი. გმადლობთ, რომ მიჩვენე, როგორ არ უნდა მეშინოდეს სიყვარულის და ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ჩემი სამყარო უშენოდ აღარასდროს იქნება იგივე. სიტყვები ვერასდროს გადმოსცემს იმ სიყვარულს, რომელიც შენდამი და მალაკისადმი(მალაკი მუსიკოსის შვილია, რომელიც 2017 წელს14 წლისა გარდაიცვალა) მაქვს. სიყვარულით, ჯასმინი". - წერს სოციალურ ქსელში რეპერის ცოლი.

როგორც გაირკვა, მუსიკოსი ორი თვის წინ, 2020 წლის 31 ოქტომბერს გარდაცვლილა. ოჯახის წევრები სიკვდილის მიზეზს არ ამხელენ.

დენიელ დუმილი ლონდონში ტრინიდადელი და ზიმბაბვეელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი ნიუ-იორკში გადასახლდა, ამერიკაში ხანგრძლივი ცხოვრების მიუხედავად, არტისტი ცხოვრების ბოლომდე ოფიციალურად ბრიტანეთის მოქალაქე იყო. მუსიკალური კარიერა 80-იან წლებში, ჰიპ-ჰოპ დიჯეიინგით დაიწყო. ანდენგრაუნდ ჰიპ-ჰოპ სცენის აღიარება მოუტანა 1999 წლის ალბომმა "Operation: Doomsday". მოგვიანებით მან Madlib-თან ერთად დააფუძნა ლეგენდარული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ დუეტი Madvillain. მუსიკოსის სასცენო იმიჯის ერთ-ერთი კომპონენტი იყო რკინის მუზარადი, რომელიც სახეს უფარავდა. მრავალი გამოცემის და მუსიკის კრიტიკოსის აზრით, MF DOOM ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა. 

კომენტარები