ალექსეი ნავალნი

პომპეო რუსეთს: თავდაჯერებული პოლიტიკური ლიდერები ოპონენტებს უკანონოდ არ აკავებენ

მაიკ პომპეო
Dunia-rmol

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

"აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ალექსეი ნავალნის დაკავებას. ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ეს ბოლო მცდელობაა, მიმართული ნავალნის, სხვა ოპოზიციონერებისა და რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებისაკენ.

თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტი ხმების. ისინი არ ძალადობენ და უკანონოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რუსი ხალხი, როგორც ყველა სხვა, იმსახურებს მთავრობას, რომელიც  მხარს უჭერს იდეების ღია ბაზარს, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიან მთავრობას, დამოუკიდებელ სასამართლოს, წვდომას ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასჯელის შიშის გარეშე აზრის გამოხატვის და შეკრების უფლებაზე.

მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შექმნას თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომელსაც საარჩევნო პროცესში სურს მონაწილეობა. პრობლემა ალექსეი ნავალნი არაა. ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას."

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს

მის დაკავებას გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება დაგმეს და განაცხადეს, რომ თუ მას არ გაათავისუფლებენ ევროკავშირმა სანქციების დაწესება უნდა განიხილოს.

ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ უშიშროების მრჩევლის პოსტზე დასახელებული ჯეიკ სალივანიც.

"ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მის სიცოცხლეზე აღმაშფოთებელი თავდასხმის ჩამდენები დაისაჯონ. კრემლის თავდასხმა ნავალნიზე არამხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა, ესაა რუსი ხალხის შეურაცხყოფა, რომელთაც სურთ, რომ მათი ხმა ისმოდეს". – დაწერა მან Twitter-ზე.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, ნავალნი გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევის გამო დააკავეს. შემდგომი აღმკვეთი ღონისძიება ნავალნის სასამართლომ უნდა განუსაზღვროს.

12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რათა "ივ როშეს" საქმესთან  დაკავშირებით ნავალნის პირობითი პატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეეცვალოს. დეკემბრის ბოლოს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის დაემუქრა, რომ, თუ ის 29 დეკემბრის 9:00 საათზე უწყების ფილიალში არ გამოცხადებოდა, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლას მოითხოვდა.

ნერვულ აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა და, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიერ დაწესებულ ვადებში რუსეთში ვერ დაბრუნდებოდა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმესთან დაკავშირებით გამოსაცდელი ვადა აქვს. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, მას 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. თუ სასამართლო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მხარეს დაიჭერს, ნავალნის, შესაძლოა, 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ახალი საქმე აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნის ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ფონდმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომელიც შემოწირულობებით შეგროვდა. ამით საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ ჩადენილი ორგანიზებული თაღლითობისთვის, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები