ევროპარლამენტარების წერილი

დავითულიანი ევროპარლამენტარების წერილზე: ისიც ეწერა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს

ბექა დავითულიანი
ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, ევროპარლამენტარების მიერ არჩილ თალაკვაძესითვის გაგზავნილ წერილში, სადაც მათ თეა წულუკიანის მიერ კონფიდენციალურობის უყურადღებოდ დარღვევასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს, ისიც ეწერა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

ევროპარლამენტის მთავარმა წევრებმა, რომლებიც საქართველოს თემებზე მუშაობენ — სვენ მიქსერმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, მაიკლ გაჰლერმა, პეტრას აუშტევიჩიუსმა და ვიოლა ფონ კრამონმა გუშინ, 5 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარეს წერილის მისწერეს, სადაც თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებას "უსიამოვნო და არაეთიკური ფაქტი" უწოდეს.

"ისინი, თვეებია, მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ რადიკალიზაციისკენ ნუ მიჰყავთ პროცესები, შევიდნენ პარლამენტში და ამ წერილში ესეც იყო, რომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში. მეორე მხრივ, ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ნუ დავეხმარებით ოპოზიციას, ნუ შევუწყობთ ხელს რადიკალიზაციაში.

დიახ, რადიკალიზაცია ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი და ნამდვილად გასათვალისწინებელია ევროპარლამენტარების ის პოზიცია, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში და რადიკალიზაციას ხელი არც ერთმა მხარემ არ უნდა შეუწყოს. ჩვენ ყველაფერი შევთავაზეთ, ვიმუშაოთ ყველაფერზე, მაგრამ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ ვაპირებთ". - თქვა დავითულიანმა.

შეგახენებთ, რომ 2 თებერვალს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

"არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკურად მიმაჩნია". – ასე გამოეხმაურა თავდაპირველად კარლ ჰარცელი თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. ჰარცელის სიტყვების შემდეგ წულუკიანმა სურვილი გამოთქვა, რომ განცხადება მასთან ერთად განეხილა.

კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება, თუმცა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო შანსი, ორივე მხარე დარწმუნებულიყო, რომ ესმით ერთმანეთის პოზიციები.

თეა წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას პირადი ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის აზრი მისი პირადი პოზიციაა და არა ევროკავშირის.

კომენტარები