ხაშურის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიში

აუდიტი: ხაშურის მუნიციპალიტეტში, 7 158 ოჯახიდან 4 898-ს წყალი შეზღუდულად მიეწოდება

Droa.ge

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაშურის მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში 2018-2019 წლებში, მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობას ამოწმებს. აუდიტის დასკვნაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ფიქსირდება:

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, ჯამში, 106 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულება 21 321 600 ლარია. 

თუმცა, მუნიციპალიტეტის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გამოვლინდა 9 ხელშეკრულების ფარგლებში  პროექტებზე, რომელთა ღირებულება 6 266 900 ლარია. კერძოდ, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანდა და საჭირო გახდა დამატებითი რეაბილიტაცია.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის სათანადო პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ არ მიეღო უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, მერიამ ჩაიბარა 6 მილიონ ლარზე მეტის ისეთი ობიექტები, რომლებიც დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. 

 

მოსახლეობის წყალმომარაგება

აუდიტის სამსახურის მიხედვით, 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით გაწეულია მხოლოდ 240 300 ლარის ხარჯი. 2019 წელს დახარჯული 824 600 ლარიდან, 173 300 ლარი მოდის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე, ხოლო 575 000 ლარი – სოფელ ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხაა. 

შედეგად, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კერძოდ, მუნიციპალიტეტის 74 სოფელში მცხოვრები 7158 ოჯახიდან 4 898 ოჯახს წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება. მოსახლეობა სარგებლობს ჭებითა და წყაროებით, სადაც წყლის მომარაგებაზე გავლენას ახდენს კლიმატური პირობები − წყალი პერიოდულად იმღვრევა და დებეტი იკლებს. 

2018-2019 წლებში წყლის მომხმარებელი აბონენტების გამრიცხველიანების სამუშაოები არ დაფინანსებულა, რაც ხელს შეუწყობდა წყლის ეკონომიას და თანაბარ განაწილებას.

 

საკრებულოს წევრებზე გაწეული დაუსაბუთებელი ხარჯები

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს(არათანამდებობის პირები) 2018-2019 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 108 800 ლარი. საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად განსაზღვრული იყო ზღვრული მოცულობა ყოველთვიური 397 ლარის სახით.

მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. შესაბამისად, საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად. ხარვეზი საკრებულოს წევრებზე კანონმდებლობის დარღვევით ანაზღაურებული ხარჯების შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად ამისა, არსებული ხარვეზი კვლავ მოუგვარებელია.

 

კომენტარები