ტურიზმი

თურნავა: ივნისიდან Lufthansa თბილისი-ფრანკფურტის რეისებს ამატებს, ჩვენთან პოტენციალს ხედავენ

"მისასალმებელია, რომ უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადების პოტენციალს ხედავენ და ამ ფონზე რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდიან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ .

მინისტრის ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, რომელიც აქამდე მხოლოდ თბილისი-მიუნხენის მიმართულების ასრულებდა რეგულარულ რეისებს, ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს.

"1-ელი ივნისიდან ლუფთჰანზა კვირაში ოთხჯერ სიხშირით იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. ასევე გააორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ხაზზე. ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს პისიარ ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გერმანული ავიაკომპანია ლუფთჰანზა ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს, კვირაში 4 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონში მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ყოველდღე.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizzair-მა ზაფხულის ფრენების ნაწილი, მათ შორის, გერმანიიდან და იტალიიდან, სწორედ მოთხოვნის სიმცირის და ევროკავშირის რეგულაციების გამო გააუქმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ Wizzair-ი მარტის ბოლოს ან აპრილიდან ფიქრობს საქართველოდან ფრენების განახლებას. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დარჩენილი მიმართულებების აღდგენის თარიღი. საძიებო სისტემაში ფრენები მაისამდეა გადადებული, ხოლო რომის, მილანის, ბერლინის, ტალინის, ვროცლავის და პოზნანის მიმართულებით - ნოემბრამდე.

კომენტარები