პოლიტიკური კრიზისი

წერეთელი: მხოლოდ შეთანხმების გარკვეული წინსვლით იქნება შესაძლებელი პარლამენტში შესვლა

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

 "მხოლოდ შეთანხმების გარკვეული წინსვლით იქნება შესაძლებელი პარლამენტში შესვლა და მნიშვნელოვან საკითხებში მონაწილეობის მიღება, მანამ, სანამ იქნება უკვე ვადამდელი არჩევნების თარიღი განსაზღვრული" – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი პარლამენტში შესვლის საკითხს.

მისი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის საკონსტიტუციო რეფორმების გატარება, როგორიცაა, მაგალითად, ბარიერის დაწევა, მნიშვნელოვანია, თუმცა ამის წინაპირობა უნდა იყოს მოლაპარაკებებზე გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რათა ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში.

"ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მიმართულია გაჯანსაღებისკენ და გაუმჯობესებისკენ პოლიტიკური პროცესის, ვფიქრობ, რომ ბარიერის დაწევაც ამ მხრივ არის კარგი, ეს არ არის ახალი საკითხი, მუდმივად არის ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ მოხდება ამ საკითხის გადაწყეტა პარლამენტში, როდესაც საკმარისი რაოდენობა დეპუტატების არ არის, ეს არის მთავარი თემა. ამით შეტყუება ოპოზიციის პარლამენტში, რომელსაც გაცხადებული თავისი შეხედულებები აქვს და ეს ეფუძნება, რომ შეთანხმება მოხდეს, მანამდე, რა თქმა უნდა ეს ვერ მოხდება". – ამბობს ის.

გიგი წერეთლის თქმით, კრისტიან დანიელსონის დაბრუნება არის დადებითი მოვლენა და ის არ დაბრუნდებოდა, კონკრეტული შეთავაზებები რომ არ ჰქონდეს. წერეთელი ასევე ამბობს, რომ ოპოზიციაშიც არის განწყობა, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ხოლო ყველაფერი არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე.

"ჩვენ ძალიან დადებითად ვუყურებთ იმას, რომ ევროკავშირის მედიატორი, ბატონი დანიელსონი ჩამოდის და დარწმუნებული ვართ, რომ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში უიმედობის განცდით, როგორც ჩანს, გარკვეული შეთავაზებები მასაც აქვს, გარკვეული ინდიკაციაც არის, რომ ოპოზიციურ სპექტრში არის განწყობა, რომ შეთანხმება შედგეს, ახლა სიტყვა არის ხელისუფლებაზე, თუ ისინი გააგრძელებენ ასეთ პოზას, რომ ჩვენ არაფერს არ მივიღებთ და არაფერს არ დავთმობთ, არ ვისაუბრებთ ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტპატიმრებზე, მაშინ რა თქმა უნდა, ამ პროცესს ძალიან ნეგატიური გაგრძელება აქვს". – თქვა წერეთელმა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მისი პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება, "რათა გააგრძელოს მედიაცია".

ამის შესახებ შარლ მიშელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა. თუმცა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

კომენტარები