პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: რურუას გათავისუფლების აღნიშვნა, როგორც გამარჯვების, არის ძალიან სახიფათო მახე

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

"რურუას გათავისუფლების აღნიშვნა, როგორც გამარჯვების, არის ძალიან სახიფათო მახე. ეს არის სწორედ ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმების მეთოდი". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ ბიზნესმენ გიორგი რურუას შეწყალების საკითხს. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, კარგია, რომ თუნდაც დაგვიანებით, გიორგი რურუა თავისუფალია, თუმცა, ცუდია, რომ ამ საკითხით ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მეტ-ნაკლები წარმატებით ივაჭრა. 

"ძალიან კარგია, რომ პოლიტპატიმარი რურუა დაგვიანებით, მაგრამ თავისუფალია. მის ოჯახს, ახლობლებს უნდა მივულოცოთ ეს ამბავი და მას მადლობა უნდა ვუთხრათ სიმტკიცისთვის, როგორც საზოგადოებრივ ფიგურას, რომელმაც გამოიჩინა პრინციპულობა. ცუდია, რომ ამ მძევლის ბედით მეტ-ნაკლები წარმატებით ივაჭრა ივანიშვილის გუნდმა. პირველი ინსტინქტი, რაც ჰქონდა ბატონ ბადრის [ჯაფარიძე], რომელსაც ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას, იყო ის, რომ კითხვაზე, რა იყო შესვლის შედეგი, უპასუხა, რომ რურუას გამოსვლა. ეს არის დიდი პრობლემა პრეცედენტის სახით". – თქვა გიგა ბოკერიამ TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს, თუ არა მას იმის თქმა, რომ იმ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ხელი შეუწყვეს ამ პრეცედენტის დადგომას, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ის იგულისხმა, რაც თქვა. 

"მე მორიდებული არ ვარ. შეცდომა დაუშვეს და ამით შეიქმნა ეს პრეცედენტი. მე არ მერიდება თავდასხმები, როცა ამას საჭიროდ ვთვლი იმ ფორმით, რა ფორმითაც თქვენს შეკითხვაში იყო". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, არაფერი ჩანს იმის მანიშნებელი, რომ საერთო ეროვნული შეთანხმება ან შერიგება ხდება და ეს მათ შორის ქართული ოცნების რიტორიკაშიც ჩანს. 

"რამე ნიშანს ვხედავთ ეროვნული შეთანხმების ან შერიგების? თუნდაც ხელმომწერთა შორის. არაფერი მსგავსი, სამწუხაროდ, არ ხდება. მათ შორის იმიტომაც, რომ ქართული ოცნების დამოკიდებულება ის კი არაა, რომ დიდი შეთანხმება შედგა, რომლის დროსაც შეიძლება, წახვიდე პოლიტიკურ და მორალურ კომპრომისზე და მათ შორის, შენი აზრით, ძალადობისთვის დასასჯელი ხალხი გაათავისუფლო. ოღონდ ეს შეიძლება მაშინ, თუ რაღაც დიდი ხდება. ატმოსფერო დღეს შეთანხმების კი არ არის, არამედ არის მწვავე, სიძულვილით სავსე კომენტარების ოცნების მხრიდან. ამიტომაც, ის განცხადება, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, რომ ყველა სხვა პოლიტიკურ საქმეზე გრძელდება დევნა, ამ ბერკეტს ვიტოვებთო, ის, რომ დეკლარაციაც კი არ მომხდარა იმის, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, დამატებითი შეცდომაა. 

ახლა სასწორის მეორე მხარეს რა დევს. არის, თუ არა ამ შემთხვევაში რაიმე გარღვევა სასამართლო რეფორმაზე? არა. ამას აღიარებს ყველა ხელმომწერი სხვადასხვა ფორმით. არის, თუ არა ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც იყო საკვანძო საკითხი, ისეთი ტესტი, რასაც ჩვენ მივიჩნევდით ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულად? ჩვენი საერთო განცხადება იყო, რომ არცერთ შემთხვევაში მისაღები არ იქნება თვითმმართველობასთან მიბმა ვადამდელი არჩევნების საკითხის". – თქვა გიგა ბოკერიამ. 


27 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის მიერ მომზადებული შეთანხმების ტექსტის შესაბამისად, შეიწყალა მთავარი არხის მეწილე, ბიზნესმენი, გიორგი რურუა. მან საპატიმრო უკვე დატოვა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები