კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თუ საბჭო დაეთანხმება, შეიძლება ვაქცინის სანაცვლოდ მოქალაქეებს თავისუფლება მივცეთ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დაეთანხმება, შესაძლებელია, მათ, ვინც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს, "მივცეთ თავისუფლება". 

"მნიშვნელოვანი არის, რომ პიროვნება იყოს ორმაგად ვაქცინირებული. ამ ეტაპისთვის, საქართველოსთვის ეს იყო ნაადრევი ინიციატივა, ვინაიდან ორმაგი ვაქცინაციით ადამიანები ჯერ არ გვყავს და ახლა ვიწყებთ ფაიზერით. გარდა ამისა, ჩვენ აღვრიცხავთ, თუ რამდენი მოქალაქე არის ორმაგად ვაქცინირებული, ასევე, ზუსტად ვიცით, თუ რომელი ვაქცინის შემდეგ რა პერიოდში უნდა აიცრას შემდეგი მოქალაქე და რა მოცულობაზე შეიძლება გავიდეთ.  

ეს ინიციატივა მუშავდება და აპლიკაციის ამოქმედებასთან ერთად შესაძლებელია, თუ ამ გადაწყვეტილებას საბჭო დაეთანხმება, რომ ჩვენ ვაქცინაციის სანაცვლოდ მოქალაქეების მივცეთ ის თავისუფლება, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, კოვიდპანდემიის გამო აქვთ შეზღუდული". –ამბობს ტიკარაძე პარლამენტში.

თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ  "გარკვეული მარკეტინგული მიდგომები", შესაძლოა, არ იყოს სამართლიანი, რადგან, მისივე სიტყვით, აცრის გაკეთება ადამიანის თავისუფალი არჩევანია და  "არ შეიძლება ადამიანი დავაყენოთ ისეთი არჩევანის წინაშე, როდესაც ის გარკვეული გადაწყვეტილების იძულებით მიღებას აიძულებს". 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოზე ინიციატივას წარადგენენ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს, შეზღუდვების პერიოდში ჰქონდეთ "გარკვეული შეღავათები", მათ შორის კომენდანტის საათზე.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს, თუმცა, გამონაკლისის სახით, აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა ორი საათით გვიან, 23:00-ზე დაიწყება და ერთი საათით ადრე, 04:00-ზე დასრულდება. ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

კომენტარები