კრიპტოვალუტა

TESLA ბიტკოინის ანგარიშსწორების საშუალებად მიღებას წყვეტს, კრიპტოს ფასი 15%-ით დაეცა

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, კომპანია ბიტკოინის ანგარიშსწორების საშუალებად მიღებას წყვეტს, ანუ მომხმარებლები Tesla-ს ელექტრომობილებისა შეძენას კრიპტოვალუტის საშუალებით ვეღარ შეძლებენ. 

ამბის გავრცელებას ბაზარზე პანიკური ვაჭრობა მოჰყვა და რამდენიმე საათში ბიტკოინის ფასი 8 000 დოლარით, თითქმის 15%-ით დაეცა. 

მასკის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ბიტკოინის მაინინგისათვის ქვანახშირისა და სხვა არაგანახლებადი წყაროების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარებაა.  

"მრავალ დონეზე კრიპტოვალუტა კარგი იდეაა და ჩვენ გვჯერა, რომ მას პერსპექტიული მომავალი აქვს, თუმცა ეს გარემოს დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს". 

Tesla ანგარიშზე არსებულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინის გაყიდვას არ აპირებს და, მასკის თქმით, ტრანზაქციები მაშინ აღდგება, როცა მაინინგის პროცესი უფრო მეტად განახლებად ენერგიის წყაროებზე გადაერთვება.

აღსანიშნავია, რომ მასკი დაეთანხმა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის ტვიტს, რომ ბიტკოინი ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებას.  

გარდა ამისა, Tesla სხვა ისეთ კრიპტოაქტივებზე დაკვირვებასაც განაგრძობს, რომელიც ბიტკოინის ენერგომოხმარების 1%-ზე ნაკლებს საჭიროებს. 

მსგავსი შესაძლებლობებით გამოირჩევა Proof of Stake მეთოდზე მომუშავე კრიპტოვალუტები. 


მსოფლიო მაინინგის მნიშვნელოვანი წილი, თითქმის 65% ჩინეთზე მოდის, სადაც ენერგიის უდიდესი ნაწილს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები გამოიმუშავებენ.

გლობალური ჰაშრეიტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით.     წყარო: Cambridge Centre for Alternative Finance

ექსპერტების განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი Tesla-ს გარემოსდაცვითი კრედიტებია, რის საშუალებითაც კომპანიამ 2021 წელს $518 მილიონი გამოიმუშავა. სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვისა და ინვესტორების გაღიზიანების რისკი კი ვერ გადაწონიდა პოტენციურ სარგებელს. 

შეგახსენებთ, რომ Tesla-მ ბიტკოინის საშუალებით მხოლოდ რამდენიმე ათეული ერთეული ელექტრომობილი გაყიდა, რადგან მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ბიტკოინს ანგარიშსწორების საშუალებად კი არ განიხილავს, არამედ საინვესტიციო აქტივად, რაც კრიპტოვალუტის ფასის მაღალი მერყეობითაა გამოწვეული. 


2021 წლის თებერვალში ილონ მასკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა

იანვარში კრიპტოვალუტის შეძენის სავარაუდო ფასი დაახლოებით 34 000 დოლარი იყო. მარტში კი მისმა ფასმა 64 000 დოლარს მიაღწია. სავარაუდოდ, Tesla-ს ინვესტიცია 50%-ითაა გაზრდილი, ანუ მისი პოტენციური მოგება თითქმის 750 მილიონ დოლარს აღწევს. 

შედარებისთვის, 2020 წელი Tesla-ს ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო, როდესაც კომპანიამ ელექტრომობილების გაყიდვით 721 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. 

მაღალი ალბათობით, Tesla-მ ბიტკოინის შეძენით სამ თვეში უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით.

 

 

კომენტარები