არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობის მიხედვით, ივანიშვილისთვის ხეების გადამზიდმა ფირმა ზიმომ, 2011 წლიდან მოყოლებული, 98 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, მაშინ, როცა კომპანია შავ სიაში იმყოფებოდა.
ფლანგვის დეტექტორის თანახმად, 2012-2019 წლებში შპს ზიმომ თითქმის 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო. ზიმოს გარდა არსებობს მასთან დაკავშირებული შპს ზიმო-7, რომელმაც 2012 წლიდან 150 მილიონ ლარზე მეტის ტენდერები მიიღო და აქედან 54 მილიონის – უკონკურენტო გარემოში.
ცნობილია, რომ ზიმომ და მისმა მეწილეებმა მმართველ პარტიას 2019-2020 წლებში ჯამში 320 000 ლარი შესწირეს, მათთან აფილირებულმა პირებმა კი დამატებით – 175 000 ლარი.
შპს ზიმო 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა შავ სიაში, რადგან 2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტიდან პირდაპირი შესყიდვით მიიღო 1.4 მილიონ ლარზე მეტი და ვალდებულებები არაჯეროვნად და არასრულად შეასრულა. სამუშაოებს აგრეთვე უხარისხოდ ასრულებს შპს ზიმო-7, რომელმაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზისა და ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი მიიღო, თუმცა ხიდი კვლავ სარემონტოა.