ბელარუსი

აშშ-მ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

21 ივნისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს. ისინი ლუკაშენკოს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. 

ასევე, მოკავშირეები, კანადასთან ერთად ბელარუსის პრეზიდენტს მოუწოდებენ Ryanair-ის ავიარეისის იძულებით დასმასა და ჟურნალისტი რამან პრატასევიჩის დაკავების გამოძიებაში თანამშრომლობას. 

ევროკავშირმა ბელარუსის 78 ოფიციალურ პირსა და კომპანიას სანქციები მოგზაურობაზე შეზღუდვითა და ანგარიშების გაყინვით დაუწესა. სანქციები შეეხო ბელარუსის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე საჰაერო ძალების მეთაურს. 

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ 16 ბელარუსი და 5 კომპანია შავ სიაში შეიყვანა. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა თქმით კი, მათ რამდენიმე თანამდებობის პირი და კომპანია, მათ შორის ნავთობის პროდუქტების ექსპორტიორი ფირმა, სანქცირებულთა სიაში დაამატეს. სანქცირებული პირები და კომპანიები დაკავშირებულები არიან ლუკაშენკოსთან და მის რეჟიმთან.

სანქციებს მიესალმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია. 


ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პრატასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები