ნამახვანჰესი

რა უნდა ვიცოდეთ ნამახვანის და იმპორტირებული დენის ტარიფების შედარებისას - WEG-ის განმარტება

"რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც იმპორტირებული ელექტროენერგიის და ნამახვანჰესის ტარიფებს ვადარებთ?" - ამ სათაურით არასამთავრობო ორგანიზაცია მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განხილულია ის ფაქტორები, რომლებიც ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიისა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების შედარებისას უნდა გავითვალისწინოთ.

როგორც განცხადებაში წერია, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის გასამყარებლად ნამახვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფს (6.2 ცენტი/კვტსთ) ხშირად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას ადარებენ, რითაც ცდილობენ, გააკეთონ დასკვნა სადგურის ეკონომიკური მომგებიანობის შესახებ. ეს მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულად უგულებელყოფს ელექტროენერგიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ძირეულად და პრინციპულად მცდარია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს 5 წლის შემდეგ და გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 6.2 ცენტი/კვტსთ  იმოქმედებს შემდგომ 15 წელს, ანუ დაახლოებით 2026-2040 წლებში. ამ ტარიფის შედარება დღევანდელი იმპორტის ტარიფებთან, თანაც პიკური და ბაზისური ფასების სათანადო გათვალისწინების გარეშე, სრულიად შეუსაბამოა და ვერანაირი სანდო დასკვნის გაკეთების საშუალებას ვერ იძლევა.

  2. ამ შედარებაში გამოტოვებულია ზაფხულის (არასავალდებულო შესყიდვის პერიოდის) ის იაფი 500 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია, რომელიც ჰესმა უნდა გამოიმუშაოს და გაყიდოს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივად იმიტომ, რომ სიჭარბის პირობებშიც, სხვა ელექტროსადგურებს ექსპორტზე უფრო პრიორიტეტული დაშვება აქვთ, ვიდრე ნამახვანჰესს. ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტების შეფასებით, ჰესის ეფექტიანი საშუალო წლიური ტარიფი 4.91 ცენტია.

  3. ჰესმა უნდა იმუშაოს დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, რა დროსაც მან უნდა გამოიმუშაოს დღევანდელი საქართველოს 12 წლის სამყოფი ელექტროენერგია. ამ პერიოდში მისი საოპერაციო ხარჯები იქნება დაბალი და, ენგურჰესის მსგავსად, ის იქნება ელექტროენერგიის იაფი წყარო, რაც საერთო ფასების დაკლებაზეც იმოქმედებს.

  4. იმპორტის ტარიფისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის ტარიფი (6.2 ცენტი/კვტსთ) შეიცავს ქვეყანაში გასაწევ ხარჯებს, რაც ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე აისახება. მათ შორის: 

  • ქონების გადასახადი

  • საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯები

  • რეგულირების, ესკოს და სხვა გადასახადები

  • მოგების გადასახადი

მოცემული ფაქტორების სიდიდის შეფასება: 

  • ქონების გადასახადი შეადგენს საბალანსო ღირებულების 1%-ს. თუ ჩავთვლით, რომ საინვესტიციო თანხის $800 მლნ-დან ნაწილი იხარჯება მართვის და საკონსულტაციო და სხვა არაკაპიტალურ ხარჯებზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი სადგურის საბალანსო ღირებულება იქნება დაახლოებით $700 მლნ. 40-წლიანი ამორტიზაციის გათვალისწინებით, წლიური ქონების გადასახადი პირველ ათი წლის განმავლობაში იქნება საშუალოდ $6.1 მლნ, რაც გამომუშავების მოცულობაზე გაყოფით, ნიშნავს, რომ ტარიფიდან 0.41 ცენტი/კვტსთ წავა ქონების გადასახადზე, ანუ ბიუჯეტში.

  • საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯების ძირითადი ნაწილის გაწევა ხდება საქართველოში, რაშიც შედის ასევე ხელფასები და საშემოსავლო გადასახადი. IFC შეფასებით, დიდი ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო ხარჯები საშუალოდ შეადგენს მისი ღირებულების 2-2.5%. ჩვენს შემთხვევაში, ნაკლებობით ვიღებთ 1.5%-ს, რაც დაახლოებით $10 მლნ-ს შეადგენს. თუ ჩავთვლით, რომ ამ თანხის 80% ადგილობრივი ხარჯებია, მივიღებთ, რომ მათ დასაფარად ტარიფიდან მიდის დაახლოებით 0.56 ცენტი/კვტსთ.

  • მოგების გადასახადი პირველი წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, ნულოვანი იქნება, ვინაიდან დაგროვილი ზარალის და ფინანსირების ხარჯების გათვალისწინებით, სადგურს, სავარაუდოდ, მოგება არ ექნება. საქმიანობის პირველი ათწლეულის შემდეგ მოსალოდნელია, რომ მოგება გაიზრდება და შესაბამისი გადასახადიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ტარიფში მის წვლილს ჯერჯერობით არ ვითვალისწინებთ.

  • სხვა ხარჯები და მოსაკრებლებიაქ გასათვალისწინებელია სემეკის რეგულირების საფასური, რაც შემოსავლების 0.5%-ს შეადგენს, ასევე ესკოს მოსაკრებელი და სხვადასხვა არა საპროექტო ხარჯი, მაგალითად, ხეობის განვითარების 5 მლნ ლარიანი ფონდი. ამ ხარჯების ჯამური წილი შედარებით უმნიშვნელოა და მხოლოდ 0.05 ცენტი/კვტსთ აღწევს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოგების გადასახადის, საექსპლუატაციო ხარჯების, სხვა ხარჯებისა და მოსაკრებლების დაჯამებით და შემდგომ ამის ნამახვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფზე გამოკლებით ვიღებთ, რომ, სინამდვილეში, ტარიფი არა 6.2 ცენტი, არამედ 3.9 ცენტამდე იქნება, რაც მოგების გადასახადის გათვალისწინების შემდეგ, შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო შემცირდეს. WEG-ის მოსაზრებით, სწორედ 3.9 ცენტი უნდა შევადაროთ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფს.

"ამ კატეგორიების შეკრებით, ჯამურად ვიღებთ 1.02 ცენტი/კვტსთ-ს, ანუ ეფექტური საშუალო წლიური ტარიფიდან 3.89 ცენტი/კვტსთ ემსახურება ინვესტიციის დაბრუნებას, დანარჩენი კი საქართველოში გასაწევი საოპერაციო ხარჯია, რაც ემატება ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას.

ჰესის მოწინააღმდეგეების ლოგიკა კიდევაც რომ სწორი იყოს, სწორედ ეს სიდიდე, ანუ დაახლოებით 3.9 ცენტი/კვტსთ და არა 6.2 ცენტი/კვტსთ უნდა შეგვედარებინა იმპორტის ფასებს," - წერია განცხადებაში.

რეკომენდაციები:

  • სასურველია პროფესიონალმა ეკონომისტებმა შეაფასონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირების პირველადი და მეორადი ეკონომიკური ეფექტების მნიშვნელობა და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გარე ინვესტიციების ხარჯ-სარგებლიანობის შესახებ.

  • სასურველია პოლიტიკის მეცნიერების და პრაქტიკოსების მეტი ჩართულობა ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების და შესაძლებლობების კვლევებში რათა ქვეყანამ შეძლოს ამ მხრივ საფუძვლიანი და გათვლილი პოლიტიკის ჩამოყალიბება.

  • სასურველია, რომ ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი (თუნდაც ნახევარი) ნაწილი რჩებოდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში, რაც დაეხმარება ადგილობრივ განვითარებას და ხელს შეუწყობს სადგურის როგორც მშენებლობას, ასევე ოპერირებას.

  • სასურველია პოლიტიკოსებმა და სხვა საჯარო პირებმა განცხადებების გაკეთებამდე კონსულტაციები გაიარონ სექტორის სპეციალისტებთან იმისათვის, რომ საკმარისად გაერკვნენ საკითხში და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ხელი შეუწყონ საკუთარ ქვეყანაში ინვესტირებას და არა სხვა ქვეყანაში ინვესტირებას  ჩვენი მწირი რესურსების ხარჯზე.

  • ასევე სასურველია რომ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმა ობიექტური და მონაცემებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ აუდიტორიას და ამით ხელი შეუწყონ დაძაბულობის შემცირებას.

კომენტარები