ოპერატორის გარდაცვალება

TV პირველის ოპერატორსა და ჟურნალისტზე თავდამსხმელ ორკს პატიმრობა შეეფარდა

TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტზე, მირანდა ბაღათურიაზე თავდამსხმელ ორკს, დავით კუტალაძეს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა.

კუტალაძე 12 ივლისს დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინეს.

უწყების ცნობით, ლაშქარავასა და ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე  ხუთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბრალი  21 ორკს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად ცნობილია 36 ადამიანი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების და ასევე, ამ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს. ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები